X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - მივიღეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში უსახური შენობა-ნაგებობების აღდგენას

27 თებერვალი 2023

,,დღეს მივიღეთ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტირომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. ქვეყნის მასშტაბით, შევისწავლით ისეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქის იერ-სახეს ანდა რომლებიც არ არის უსაფრთხო  და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დემონტაჟი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ანდა დემონტაჟის აუცილებელი ღონისძიებები, რომელი შენობა-ნაგებობებიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტის იერსახეს ანდა არ არიან უსაფრთხო.

,,შენობა-ნაგებობები არის სხვადასხვა ტიპის. არის, ასევენანგრევებად ქცეული შენობები, რომლებიც  საჭიროებენ შესაბამის დასკვნებს. თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს, განხორციელდება დემონტაჟი. რაც შეეხება ისეთ შენობა-ნაგებობას, რომელიც არ ექვემდებარება დემონტაჟს, მაგრამ საინტერესოა საპრივატიზაციო თვალსაზრისით, ის შეტანილი იქნება საპრივატიზაციო ნუსხაში. მანამდე კი, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი გარეგნული იერსახე შეესაბამებოდეს  გარემოს და დაცული იყოს აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი,  დემონტაჟს.

ამ მიმართულებით  სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.